თამარ გაბუნია: ჯერჯერობით, მედიის წარმომადგენელთა აქტიური სკრინინგის აუცილებლობა არ არსებობს
ჯანდაცვა

თამარ გაბუნია
www.imedi.ge
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ალგორითმით, რომლითაც უწყება ხელმძღვანელობს, დღეისთვის არ არსებობს მედიის წარმომადგენელთა აქტიური სკრინინგის აუცილებლობა, ვინაიდან აქტიური სკრინინგისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტულ ჯგუფში ვირუსის გავრცელების მაღალი ალბათობა.
„თუ ადამიანი დახურულ სივრცეში მუშაობს, ან ხშირად უწევს კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან, მისთვის რეკომენდირებულია ტესტირების გამოყენება. როცა ტესტირებისთვის ჯგუფი ირჩევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს საფუძველი იმისთვის, რომ ამ ჯგუფში ვირუსის ან ნებისმიერი სხვა დაავადების გავრცელების სიხშირე მაღალია. თუ ტესტს სკრინინგულად ჩავატარებთ, მაღალი უნდა იყოს ვირუსზე დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას გამოკვლევა, რა თქმა უნდა რეკომენდებული არაა. ამდენად, დღეს მედია რჩება იმ ჯგუფში, რომელსაც ვთხოვთ, რომ თუ აქვთ სიმპტომი, თუ თვლის რომ კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ ადამიანთან, მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რათა შეისწავლოს თავისი სტატუსი. ჩვენი ალგრითმით, ამ ჯგუფში, აქტიური სკრინინგის აუცილებლობა ჯერჯერობით არაა“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




