როგორ გავუმკლავდეთ თვითიზოლაციით გამოწვეულ სტრესს - ფსიქოლოგის რჩევები
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იძულებითი თვითიზოლაცია და როგორ გავუმკლავდეთ ამ ვითარებით გამოწვეულ ნეგატიური გრძნობებს.ამ თემაზე „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში ფსიქოლოგმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ნეგატიური განწყობა პანდემიის ვითარებაში ადამიანის ნორმალური რეაქციაა და მოსახლეობას სასარგებლო რჩევებსაც სთავაზობს.
„მზეზე გასვლა არის არაჩვეულებრივი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკარანტინო პირობები, არავის აუკრძალავს ჩვენთვის ხანმოკლე პერიოდით ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ქუჩაში გასვლა, ოღონდ პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვილ მდგომაროებაში მოძრაობა ქალაქი. მარტო და არა ჯგუფურად. ეს არის ასევე ძალიან კარგად სტრუქტურირებული დღე, როცა დრო არ რჩება, რომ იფიქრო.ეცადეთ მეტი იძინოთ. ერთ-ერთ ძალიან კარგ გაიდლაინში, რომელიც ჩემმა კოლეგამ გადმომიგზავნა უცხოეთიდან, არის, ძალიან მომეწონა ეს ინფორმაცია, ეცადეთ მეტი იძინოთ. ეცადეთ არა იმიტომ, რომ ამრიდებლური ქცევა ჩამოიყალიბოთ. არა, იმიტომ რომ ძილის პერიოდში ბევრად უკეთესი არის მაგალითად იგივე იმუნიტეტის მდგომარეობის რესტარტი და გაუმჯობესება, ნაკლებად სუქდება ადამიანი“, - განმარტავს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, კარგი ძილისთვის, 2 საათით ადრე უნდა შეწყდეს ყველანაირი ინფორმაციის ნაკადი და ეს დრო ადამიანმა ძილის მომგვრელ აქტივობას უნდა დაუთმოს: მაგალითად, შხაპის მიღებას, უკვე წაკითხული წიგნის გადახედვას ან თუნდაც რძის დალევას.
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




