4 მაისიდან ბელგია კარანტინის რეჟიმის შესუსტებას იწყებს
ჯანდაცვა

ბრიუსელი
ფოტო: Belga
4 მაისიდან ბელგია კარანტინის რეჟიმის თანმიმდევრულ შესუსტებას იწყებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. The Brussels Times-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, სოფი ვილმესმა განაცხდა.
მისივე განცხადებით, ქვეყანა მოსახლეობას პირბადეებით ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მოქალაქეებმა ისინი თავად უნდა დაამზადონ. ვილმესის თქმით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება, კარანტინის გაუქმების პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
კარანტინის რეჟიმის მოხსნის პირველ ეტაპზე მოქალაქეები ქუჩებში სირბილს და ღია ცის ქვეშ სპორტით დაკავებას შეძლებენ. დახურული რჩება ყველა მაღაზია და საწარმო გარდა იმ ობიექტებისა, „სადაც მოქალაქეები პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნაჭრებისა და ძაფების ყიდვას შეძლებენ“. პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება ყველასთვის, 12 წლის ზემოთ. 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სხვა ტიპის მაღაზიები და ნებადართული იქნება ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრების მონახულება.
18 მაისს დაიწყება მეორე ეტაპი, რაც მუზეუმების და სილამაზის სალონების გახსნას ითვალისწინებს. ნებადართული იქნება მცირე რაოდენობის სტუმართა მონაწილეობით წვეულებების გამართვა. მესამე ეტაპზე, 8 ივნისიდან, გაიხსნება რესტორნები და ბარები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




