„გირჩი“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აქციით აპროტესტებს
ჯანდაცვა

ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: არქივი
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე სოციალური დისტანცია და ადამიანების პასუხისმგებლიანი ქცევა მუშაობს და არა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მისი შეფასებით, შოუს ნაწილია.
სწორედ ამ მოტივით ითხოვს ზურაბ ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას და შესაბამისი მოთხოვნით აქციას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მართავს თანამოაზრეებთან ერთად.
„ვაპროტესტებ საგანგებო მდგომარეობას ზოგადად და მის გაგრძელებას, რომელშიც ერთადერთი შინაარსი დევს - ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს. ამის მიზანი პოლიტიკური დივიდენდების დაწერაა, ვითომ მაგრად ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში, 22 მაისისთვის არც წამალი და ვაქცინა იქნება გამოგონებული, არც ვირუსი გაქრება და პოპულაციური იმუნიტეტიც არ გვექნება გამომუშავებული იმის გამო, რომ სახლში ვართ. არაფერი შეიცვლება, საუბრები იმაზე, რომ პიკი გადაივლის ზღაპარია - რისი პიკი გადაივლის?! ინფიცირებულების რაოდენობა წამოვა ქვემოთ თუ გარდაცვლილთა, ამაზე პასუხი არავის აქვს. ექიმები ჩვეულებრივად გამოყენებულნი არიან პოლიტიკური შოუსთვის. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა ვირუსული პანდემიის გამო“, - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში - 5223 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




