ხათუნა მაისურაძე
ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტი მოათავსეს
ჯანდაცვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტი მოათავსეს.
მათ კოვიდ-19 სეროლოგიური კვლევებით დაუდასტურდათ. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ასევე ჰყავთ ერთი პაციენტი სოფელ ღვანკითიდან, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში 24 პაციენტია მოთავსებული. მათ ნაწილს პნევმონია აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკაში მძიმე და კრიტიკული პაციენტები ამ ეტაპზე არ ჰყავთ. პაციენტებს შორის ექვსი სოფელ ღვანკითიდანაა. ერთი პაციენტი კი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელებული გაეწერა.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში - 5223 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




