ხათუნა მაისურაძე
ზვიად შალამბერიძემ იმერეთში ბლოკ-პოსტები მოინახულა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება
ჯანდაცვა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ იმერეთში ბლოკ-პოსტები მოინახულა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
გასულ დღეებში 15-მდე პირი კომენდანტის საათისა და ავტომანქანაში რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმდა. შალამბერიძის თქმით, კონკრეტული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის სპეციალური დროების გამოყოფაზე დღეს იმსჯელებენ. გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. რეგიონს კი მომარაგების კუთხით პრობლემები არ აქვს, რისთვისაც სადისტრიბუციო მანქანები სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.




