დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება
ჯანდაცვა

ფოტო: Sky News
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოვყოფთ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებისთვის კლინიკური გამოცდების განსახორციელებლად. უკვე 23 აპრილიდან ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას დავიწყებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 17 337 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 129 044 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




