არჩილ თალაკვაძე: კომენდანტის საათის შენარჩუნება ან მოხსნა მისი გაგრძელების საჭიროებაზეა დამოკიდებული
ჯანდაცვა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თითოეული კონკრეტული ზომა, მათ შორის კომენდანტის საათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინახავს მთავრობა ამის გაგრძელების საჭიროებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის„ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა და სხვა გადაწყვეტილებები მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დელეგირებული უფლებამოსილებით აქვს მიღებული, შესაბამისად, თითოეული კონკრეტული ზომა, მათ შორის კომენდანტის საათი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაინახავს მთავრობა ამის გაგრძელების საჭიროებას. ხვალ პარლამენტი განიხილავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს და მას 22 მაისამდე გააგრძელებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





