ირაკლი სესიაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, არანაირი თანხის მობილიზება მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია
ჯანდაცვა

საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის თანხების მობილიზებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. არანაირი თანხის მობილიზება, ვინმე სააკაშვილს არ შეუძლია. ის ცდილობს საზოგადოებაზე საინფორმაციო მანიპულაციით, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ერთის მხრივ რაღაცის შემძლე არის. და მეორე მხრივ გააჩინოს საზოგადოებაში პროტესტი, რომ თუკი შეიძლებოდა მეტი თანხის მობილიზება, რატომ არ მივეცით მეტის უფლება“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მისი იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნულს ქვემოთაა. „ეს არის ადამიანი, რომელზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ბრალდებულია მთელ რიგ დანაშაულებში. ჩვენს ქვეყანაში მათ შორის მილიონობით ლარის მოპარვაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბრალდებულ ადამიანს სახელმწიფომ მისცეს წარმომადგენლობა, რომ ქვეყნისთვის მოიზიდოს თანხები. ვინ არის, რას წარმოადგენს? მისი იმიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში არის ნულს ქვემოთ“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„მე გთავაზობთ: გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მე მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან“, - წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი.




