ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 30 პაციენტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
დღეს იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 15-მა ადამიანმა დატოვა და კარანტინში ამჟამად 259 მოქალაქე იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




