აშშ-ის საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის
ჯანდაცვა

ფოტო: აშშ-ის საელჩო
ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის. ამის შესახებ საელჩოს Facebook-ის გვერდზე წერია.
„დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს #COVID-19-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, - აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




