ხათუნა მაისურაძე
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება
ჯანდაცვა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
,,ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა, ეს არის 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში სამი სასაფლაო. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში და ამ დღეებში დავაზუსტებთ, თუ რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, რომელი დღიდან იქნება ეს შეზღუდვები დაწესებული", - განაცხადა შალამბერიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 15 აპრილის, 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გამოსვლა აიკრძალება.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




