საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ვინ შეძლებს ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლას და გამოსვლას
ჯანდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ვინ შეძლებს დღეს, 21:00 საათიდან ჩაკეტილ თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლას და გამოსვლას. ამის შესახებ გიორგი გახარიას პრესმდივანმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხდა.
„შეზღუდვები არ შეეხება შემდეგ კატეგორიებს: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურეობის მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით გადაადგილებას - აქ იგულისხმება მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა; ჰუმანიტარული მიზნებით საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე მთავრობის მიერ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად“, - განმარტა ჩიქოვანმა.
14 აპრილს საქართველოს მთავრობამ 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




