აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 9 282 მუშაკი დაინფიცირდა
ჯანდაცვა

ფოტო: AP
აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 9 282 მუშაკი დაინფიცირდა, ხოლო 27 კი გარდაიცვალა. აღნიშნულს ცხადყოფს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.
სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის შედეგად დადგა.
ანგარიშში წერია, რომ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს შორის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა 73% ქალები არიან.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 584 073 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 24 485 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




