ანა შეპკინა
ხიდისყურში კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ჯანდაცვა

ფოტო: ანა შეპკინა
ხიდისყურში კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი 30 წლის ქალთან კონტაქტში იმყოფებოდა, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდა.
ხიდისყურიდან 6 პირი სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში გუშინვე გადაიყვანეს. სოფელში სულ 21 ოჯახია, ყველა მცხოვრებელი თვითიზოლაციაშია. მათ პერიოდულად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ხიდისყურში უკვე მეორედ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სოფლის გასასვლელში დგანან სამართალდამცველები, გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი. ვითარებას ადგილზე გაეცნენ შიდა ქართლის გუბრნატორი და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
"იცით, რომ ხიდისყურში გუშინ დადასტურდა COVID-19 და შესაბამისად, გავრცელების პრევენციისა და ლოკალიზების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება რომ საპოლიციო კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს. ცენტრალურ საკოორდინაციო საბჭოს უკვე გადაეგზავნა ინფორმაცია, იმსჯელებენ და დამატებით ღონისძიებებზე გვეცოდინება მოგვიანებით. გუშინ გაკეთდა კვლევები და ერთი ადამიანის ნიმუშის პასუხი არის დადებითი და ის უკავშირდება ამ სოფელს", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 67 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 872 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 453 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




