აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა
ჯანდაცვა

ფოტო: AFP
აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით იტალიას გაუსწრო და ახლა პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.
ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსი 529 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 20 608 გარდაიცვალა, 31 988 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება იტალიას, იქ 152 271 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 19 468 გარდაიცვალა, 32 534 კი გამოჯანმრთელდა.
11 აპრილს აშშ გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსს დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 26 მარტს აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




