კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას, შშმ პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა
ჯანდაცვა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
მთავრობის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. „ვაცნობიერებთ რა COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ მომატებულ რისკებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მიმდინარე რეჟიმში ვახორციელებთ რისკების მონიტორინგს თავად თემის წარმომადგენლების ჩართულობით“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„საგანგებო მდგომარეობის დროს შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა - თათია გვარამაძე, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა - მერი მაღლაფერიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მენჯერმა - მარიამ თუთბერიძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




