თენგიზ ცერცვაძე: გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად იმისთვის, რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე
ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: facebook
ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა, ერთი - გამოვიდეთ ეპიდემიიდან რაც შეიძლება იოლად, მხედველობაში მაქვს კოვიდის შემთხვევების და გარდაცვლილების რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, რასაც ჯერ ვახერხებთ. მეორე არანაკლებ სერიოზული გამოწვევა, შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სერიოზულიც, რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა არ მოკვდეს და ეკონომიკის ღრმა რეცესია არ მოხდეს. რაღა ვირუსი მოგკლავს და რაღა სიღარიბეს და შიმშილს - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს კარგი შედეგების გამო და კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაიცვან საგანგებო მდგომარეობის წესები, რათა მაქსიმალურად ხანმოკლე დროში მოიხსნას ყველა შეზღუდვა.
„ეს ორი გამოწვევა ურთიერთგამომრიცხავი მექანიზმებით გვარდება. რომ შევინარჩუნოთ ავადმყოფებისა და გარდაცვლილების მცირე რაოდენობა, ამის საუკეთესო გზა არის საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება, ის შეზღუდვები და კარანტინი. თუ ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ნამდვილად შევძლებთ ეპიდემიის შეჩერებას. მეორე მხრივ ის, რომ ეკონომიკა არ მოკვდეს, არ მოხდეს მისი ღრმა რეცესია. ხედავთ თქვენ, რომ შემოსავლების გარეშე დარჩა მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს რომ მოგვარდეს საჭიროა საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ან შემსუბუქება. ანუ რა გამოდის, იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეპიდემია, ეს შეზღუდვები უნდა შევინარჩუნოთ და იმისთვის რომ ეკონომიკა გავაცოცხლოთ პირიქით. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. უნდა დავიცვათ ეს შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრადაც იმიტომ, რომ დრო შევამციროთ ამის. ანუ თუ ჩვენ დავიცავთ, დღეს რომ ვიცავთ ამაზე ორჯერ უკეთ და ორჯერ მკაცრად, ორჯერ შევამცირებთ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




