რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან
ჯანდაცვა

ლევან გოფოძე
ფოტო: იმედი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ კიდევ ერთი პაციენტი დაგვემატა. გარდა ამისა გვყავს ორი საეჭვო პაციენტი, რომლთაც დღეს ტესტირება უტარდებათ და ვნახოთ. ეპიდანამნეზი ისეთი აქვთ, რომ შესაძლოა კორონავირუსი მათაც დაუდასტურდეს. თუმცა, სანამ არ გვექნება დადასტურებული ანალიზის პასუხი, ვერაფერს ვერ ვიტყვით“, - განაცხადა გოფოძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ორი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ამასთან, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ სამი პაციენტი ყავთ. ყველა ამ პაციენტებთან დაკავშირებით ინფიცირების წყარო ცნობილია. 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს კი ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




