ხათუნა მაისურაძე
ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა
ჯანდაცვა

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა განაცხადა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე საათში გადაწყდება, სად განთავსდება ბლოკ პოსტები.
ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 50 წლამდე მამაკაცი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. მამაკაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული. პაციენტი სავარაუდოდ ეროვნული ბანკის კლასტერია.
ასევე, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირველად თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება შტაბის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 4 722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 მოქალაქე რჩება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




