ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება
ჯანდაცვა

ფოტო: facebook
ლენტეხში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერიდან არის.
სავარაუდოდ, კონტაქტების წრე ფართოა. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც კაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები მკაცრ თვითიზოლაციაში არიან გადასული.
ასევე, ეპიდემიოლოგები მოსახლეობას პირველად თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება შტაბის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
ლენტეხსა და ცაგერში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 50 წლამდე კაცი თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




