პრემიერის განმარტებით, სასულიერო პირების რისკჯგუფებში შეყვანა რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული
ჯანდაცვა

გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ შევიდნენ რისკ-ჯგუფებში სასულიერო პირები. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროტოკოლის შეცვლა, პირველ რიგში, რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა დღეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი, ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.
აქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




