ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება
ჯანდაცვა

ენტონი ფაუჩი
ფოტო: Twitter
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი თავდაპირველი მოდელის მიხედვით, კორონავირუსით 100 ათასიდან 200 ათასამდე გარდაცვლილი იყო პროგნოზირებული, ეს რაოდენობა შემცირდება, რადგან ვხედავთ დაწესებული შეზღუდვების დადებით ეფექტს. ზუსტად არ ვიცი, თუ სიკვდილიანობის რა მაჩვენებელი გვექნება, თუმცა როგორც ჩანს, თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
29 მარტს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.
„დღევანდელი ვითარებიდან გამომდივარე, ვფიქრობ, გვექნება 100-დან 200 ათასამდე ლეტალური შემთხვევა. კორონავირუსით სავარაუდოდ მილიონობით ადამიანი ინფიცირდება,“-აღნიშნა ფაუჩიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




