მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ჯანდაცვა

მარინა ეზუგბაია
ფოტო: არქივი
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში სულ 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა. „დილით ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტების პასუხებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული.კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში მეტ-ნაკლებად გაუარესდა და მათ პნევმონია აღენიშნებათ. გარდა ამისა, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ ცენტრში შიდა გადაცემის გზით ინფიცირებული მხოლოდ სამი პაციენტია მოთავსებული.
„მხოლოდ და მხოლოდ სამი პაციენტი გვყავს ჩვენ ასეთი. 70 პაციენტი გავატარეთ, ყველა პაციენტი არის შემოტანილი და ამ შემოტანილთან ოჯახური, თუ სამეგობროს სახით კონტაქტი. სამი პაციენტია მხოლოდ, რომლის წყაროც ჩვენ არ ვიცით. პრინციპში დაახლოებით ცნობილია, მაგრამ დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიძახით, რომ გვაქვს მეორეული გადაცემა. მესამეული და მეოთხეული გადაცემით ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე არ მკურნალობენ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





