ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
ხუთივე ახალ პაციენტს, რომლებსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს. ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.
კლინიკაში ამ დროისთვის სულ 14 ინფიცირებულია მოთავსებული. მათგან ერთის, 70 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, სხვა პაციენტების მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 48 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




