მაიკ პენსი: მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ
ჯანდაცვა

მაიკ პენსი
ფოტო: AP Photo/Alex Brandon
აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციას ხედავს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.
„შემიძლია გითხრათ, თუმცა მეცნიერი არ ვარ, მაგრამ იმედის ნაპერწკალს ვხედავ. პირველი ციფრების მიხედვით, რომელსაც ნიუ-იორკის აგლომერაციიდან, ნიუ-ჯერსიდან, ახალი ორლეანიდან, დეტროტიდან და ჩიკაგოდან ვიღებთ, ინფიცირების ახალი შემთხვევების მრუდის გაბრტყელების რიგი ნიშანი ჩნდება“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, სანიტარული შეზღუდვების შესრულებაზე მიმართული ძალისხმევა გააორმაგონ.
ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




