ჯანმო: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ჯანდაცვა

ფოტო: REUTERS
ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსზე ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.
„2 აპრილის მდგომარეობით, 709 ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. 509 ადამიანი კარანტინში იმყოფება. 31 დეკემბრიდან 24 842 ადამიანი კარანტინიდან გამოვიდა“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეაში ჯანმოს წარმომადგენელმა ედვინ სალვადორმა.
ჯანმოში აღნიშნეს, რომ იანვარში ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთისგან PCR დიაგნოსტიკური ტესტებისთვის სინჯები მიიღო. ჯანომ ასევე გაუგზავნა ჩრდილოეთ კორეას დამცავი აღჭურვილობის მარაგები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




