ჩეხეთის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა
ჯანდაცვა

პრაღა
ფოტო: GettyImages
ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შეარბილა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
კერძოდ, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ პირბადეების ტარების გარეშე ფიზიკური აქტიურობა განახორციელონ ქალაქგარეთ იმ პირობით, რომ დისტანცირების წესი დაცული იქნება. გარდა ამისა, სპორტულ დაწესებულებებს, მათ შორის საჩოგბურთო კორტებსა და გოლფის კლუბებს მუშაობის განახლების საშუალება მიეცათ იმ პირობით, რომ ჯგუფში ორამდე ადამიანი იქნება.
9 აპრილს ასევე გაიხსნება მაღაზიები, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში არ ფუნქციონირებდნენ. ჩეხეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით შეზღუდვები 11 მარტს დაწესდა.
ქვეყნის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება არ ნიშნავს იმას, რომ მავანი დრეზდენში საყიდლებისათვის წასვლას შესძლებს.
„საზღვრები ჯერ კიდევ დახურულია, ვიზები არ გაიცემა და უცხოელებს შემოსვლა ეკრძალებათ“, - განაცხადა მან.
ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 828 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 ადამიანი კი გარდაიცვალა.




