ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს
ჯანდაცვა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დადასტურებული კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი დაემატა. მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს და, სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა, მისი დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს. სამი მათგანის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ ცნობილი არ არის. ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ.
საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




