თენგიზ ცერცვაძე: რამდენად გაამართლა ე.წ. შვედურმა მიდგომამ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია
ჯანდაცვა

თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: Facebook
გაამართლა თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შვედეთის მიდგომამ და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის თეორიამ, ამას მოგვიანებით გავიგებთ, ახლა ამის თქმა ძნელია, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ჯანმოს რეკომენდაციების არ გათვალისწინების უფლებას მას ქვეყნის მოსახლეობის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მათი ჩვეული შვედური დისციპლინა აძლევს. მათი გათვლებით, რომ განსაკუთრებული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე მოსახლეობა დაიცავდა ყველა სიფრთხილის ზომას, რომლის დაცვასაც სხვა უფრო ლაღ და თავისუფალ ქვეყნებში საკანონმდებლო ინიციატივები და საგანგებო ქმედებები სჭირდება. რამდენად გაამართლა ამ მიდგომამ, ახლა ძნელი სათქმელია - წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, მაგრამ ჯერჯერობით შვედეთი იმ ქვეყნებს შორის რჩება, სადაც გავრცელების ინტენსივობა საშუალოა. მათ 7000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




