საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადაეცა
ჯანდაცვა

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია "ბადაგონმა" 5 000 ცალი სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა. სპეციალური ხსნარები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანიის დირექტორს მედპერსონალის მხარდაჭერისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის "საკვებისა და ადმინისტრაციის" მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




