რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
ჯანდაცვა

ლევან გოფოძე
ფოტო: არქივი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, - განაცხადა გოფოძემ.
მისივე თქმით, საავადმყოფოში კონსილიუმი შეიკრიბება და გადაწყვეტენ, რამდენი პაციენტის ანალიზის ნიმუში გაგზავნონ დღეს ლაბორატორიაში კვლევისთვის.
საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




