ხათუნა მაისურაძე
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსთან ჩატარებული სწრაფი ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა
ჯანდაცვა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული ინფექციით სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა ინფექციონისტი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლე, რომელიც სავარაუდოდ პაციენტისგან დაიმფიცირდა.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




