კახაბერ კუპატაძე
კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო
ჯანდაცვა

კახეთში ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. დილიდან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან არიან მობილიზებულები. ანალოგიური პუნქტები განთავსდა ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამხედროები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას. სოფელ ხაშმისა და გომბორის სოფელ სასადილოს გზა ცენტრალური მონაკვეთია, რომელიც კახეთს დედაქალაქთან აკავშირებს.
ცოტა ხნის წინ გამშვები პუნქტები ადგილზე მოინახულა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილი სამხედროებს, საპოლიციო ძალებს და ექიმებს შეხვდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციების და წესების დარღვევა არ ფიქსირდება.
„ის საკონტროლო პუნქტები, რომლებიც 31 მარტს თელავის ოთხ ადგილზე მოეწყო, მხოლოდ კახეთში მცხოვრებ მოქალაქეთა 20%-ს აკონტროლებდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა , რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე“, - განმარტა კახეთის გუბერნატორმა.
მიმდებარე ტერიტორიაზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, რის გამოც ცენტრალური გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




