ლინა პოღოსოვი
ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან
ჯანდაცვა

ფოტო: shutterstock.com
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობას 23 პაციენტი განაგრძობს. როგორც კლინიკის ექიმმა, ინფექციონისტმა მეგი კოპალაძემ განაცხადა, მათ შორის 8 პაციენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული და დინამიკაში გართულებები არ აღენიშნებათ.
კლინიკაში ასევე 6 არასრულწლოვანია მოთავსებული. 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო იყო, ვინაიდან ორივეს პნევმონია აღენიშნებოდა. ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი პნევმონიისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე სიმპტომურ მკურნალობას განაგრძობს. საყურადღებოა საშუალო ასაკის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 14 ტესტი კვლევაზე გაიგზავნა, მათ შორის 2 პაციენტს განმეორებითი კვლევა უტარდება.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




