რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: არქივი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისვე განცხადებით, სამი შემთხვევიდან ორი რუსთავის კლასტერია.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტია, გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პაციენტები ცალკე იმყოფებიან. არც ერთ მათგანთან დაავადება მძიმე ფორმით არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა გოფოძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




