მარნეულის საველე ჰოსპიტალში 4 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ჯანდაცვა

ფოტო: შსს
მარნეულში მოწმდება ყველა მოქალაქე. 105 ათას ადამიანს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა. საველე ჰოსპიტალშ 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.
„მარნეულში თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება. 105 ათასი ადამიანი შემოწმდა, ჩვენ ალბათ რამდენიმე დღეში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით თერმოსკრინინგის მეორე ეტაპს დავიწყებთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგის დროს არც ერთ მოქალაქეს ვირუსი არ დაუდასტურდა. საველე ჰოსპიტალში დღის ბოლოსთვის 4 მოქალაქის ანალიზის პასუხს ველოდებით“, - აღნიშნა მარნეულის მერმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




