ევროკომისიის პრეზიდენტი: კრიზისის დასაწყისში თითოეული საკუთარ თავზე ფიქრობდა, თუმცა ეს სიტუაცია უკვე შეიცვალა
ჯანდაცვა

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Shutterstock.com
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.
ფრანგულ რადიოსადგურ Europe1-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ევროპა გაერთიანებულია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„კრიზისის დასაწყისში თითოეული საკუთარ თავზე ფიქრობდა, თუმცა ეს სიტუაცია უკვე შეიცვალა. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა ეს მენტალობა შეგვეცვალა. ახლა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთობლივად ებრძვის ეპიდემიას. ჩვენ უკვე ვხედავთ სოლიდარობის უამრავ ნიშანს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„ჩვენ კოორდინირებას ვუწევთ ჩვენს მოქმედებებს. ერთობლივად ვიღებთ ზომებს, რაც დაგვეხმარება იმის დაგეგმვაში, თუ როგორ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, როდესაც ეს კრიზისი ჩაივლის“, - დასძინა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




