ლევან დავითაშვილი: დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება
ჯანდაცვა

ლევან დავითაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
დაცარიელებული დახლები საქართველოში არ ყოფილა და არც იქნება. ჩვენ ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი და ყველა რგოლთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია იმისთვის, რომ ფაქტობრივად შეფერხების გარეშე მიდიოდეს პროცესი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალური ფონი მძიმდება, ბუნებრივია, ბევრი ადამიანი ვერ შეასრულებს თავის სამუშაოს, რადგან მობილობაა ქვეყანაში შეზღუდული. ეკონომიკის ბევრ მიმართულებას აქვს გარკვეული პრობლემები და ასეთი სოციალური ფონის პირობებში პირველადი საჭიროების, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია კომუნალურ გადასახადებთან ერთად. ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი შემზღუდავი გადაწყვეტილების შედეგად ეს აისახებოდა კურსზე, ბიზნესისთვის იქნებოდა პანიკის მაჩვენებელი და პირველ დღეებში დავინახეთ ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება. ამას შეეძლო მყისიერი ეფექტი გამოეწვია ფასებზე, მათ შორის თავი შეეკავებინათ იმპორტიორებს სათანადო მარაგების შექმნისგან, ამიტომ ჩვენი პროგრამა გულისხმობდა, ერთი მხრივ, წახალისებას მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის კუთხით, და მეორე მხრივ ფასების დაფიქსირებას", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, იყო მოლოდინი, რომ ვირუსთან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი იყო, სხვა ქვეყნებს მიეღოთ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც შეზღუდავდა სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო ნაკადებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა, ამჯერადაც ტარდება მონიტორინგი მნიშვნელოვანი მარაგების კუთხით და დეფიციტი ქვეყანას არ ემუქრება.
"ხორბლისა და ფქვილის მარაგები, იმისთვის, რომ ჩვენთან იყოს პური და პური იყოს სტაბილურ ფასად, კონტროლდება სამინისტროს მხრიდან, დანარჩენი სასურსათო პროუქტებიც ქვეყანაში არსებობს იმ დონეზე, რომ არ გვქონდეს წყვეტა და დახლი არ დავინახოთ ცარიელი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმ. მინისტრის თქმით, დანარჩენ სასურსათო პროდუქტებზეც არსებობს რამდენიმე თვის მარაგი და ხდება მისი მუდმივი შევსება-განახლებაც.




