დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
დღეიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ 30 მარტს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა.
ამასთან, იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2 მეტრის სოციალური დისტანცია. იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მარტოხელები არიან, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 20 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





