საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება იკრძალება
ჯანდაცვა

ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხვალ დილის 8 საათიდან ფაქტობრივად, დაწესდება საყოველთაო კარანტინი. სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





