70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ
ჯანდაცვა

გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„31 მარტის დილის 06:00 საათიდან იკრძალება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მარტოხელები არიან, მათ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, - განაცხადა პრემიერმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.





