საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება
ჯანდაცვა

გიორგი გახარია
ფოტო: IMEDI
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი (COVID-19) პანდემიად გამოაცხადა. მდგომარეობა გამწვავებულია საქართველოშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ინტენსიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ორჯერ იქნა მოწვეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა (მიმდინარე წლის 16 და 19 მარტს), სადაც განხილვის მთავარი თემა იყო კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მასთან ეფექტიანი ბრძოლის მექანიზმები.
ვირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიზანიც იყო აღნიშნულ დაავადებაზე ადრეული რეაგირების კოორდინაციის უზრუნველყოფა.
ასევე, 2020 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №434 განკარგულება,რის საფუძველზეც სასწავლო პროცესი შეჩერდა 2020 წლის 16 მარტამდე(არსებული სიტუაციის შეფასების შემდგომ, აღნიშნულმა ვადამ გადაიწია 1-ელ აპრილამდე).„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 12 მარტის №529 განკარგულებით დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები საჯარო დაწესებულების იმ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში, ან კონტაქტი ჰქონდათ ამ ვირუსით დაავადებულ პირთან. გარდა ამისა, დაწესდა შესაბამისი წინაპირობების არსებობისას თვითიზოლაციის ვალდებულება და შემოღებულ იქნა საჯარო მოსამსახურეთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების დისტანციურად განხორციელების მექანიზმი. ამავე განკარგულებით განისაზღვრა სხვა ზომებიც, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის შეზღუდვას უკავშირდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 მარტის №158 დადგენილებით 2020 წლის 16 მარტიდან შეჩერდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი და გადავადდა 2020 წლის 13 აპრილამდე.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რეკომენდებულია სხვა მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევათა მინიმუმამდე დასაყვანად. უკანასკნელი დღეების განმავლობაში გამოვლინდა რისკჯგუფში მოხვედრილ საქართველოს მოქალაქეთა მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევების მკვეთრი მატება, რაც კიდევ უფრო ზრდის ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკებს.
გამოწვევა ძალიან დიდია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, მყისიერად მოხდეს რადიკალური ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დაავადების გავრცელების მასშტაბები, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ზუსტ პროგნოზს არ ექვემდებარება, ვინაიდან მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გლობალურ ფაქტორებზე. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ არსებული რისკების პრევენციის ეფექტიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთო ამოცანების შესრულებაში სახელმწიფო აპარატის გარდა კერძო სექტორისა და მთლიანად საზოგადოების რესურსების მაქსიმალურ ჩართვას. აუცილებელია, რომ საზოგადოების მხრიდან განუხრელად ხდებოდეს იმ ვალდებულებათა შესრულება, რომლებზეც დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა. ასეთი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილის სამართლებრივ მექანიზმს საგანგებო მდგომარეობის შემოღება ქმნის.
ამრიგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და განახორციელოთ საამისოდ აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, მოგმართავთ, რათა გამოსცეთ დეკრეტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19,21-ე და 26-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებები“, - ნათქვამია პრემიერის მიერ პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წარდგინებაში.
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ ამ ბმულზე.
საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.





