დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი: ჩეხ ტურისტს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: Facebook
ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა - ამის შესახებ Facebook-ზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე წერს.
მისი განმარტებით, ის მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.
„დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არავისთვის განუცხადებიათ“, - წერს ანა კასრაძე.
მანამდე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ გუდაურის რესტორან „მთვრალი ალუბლის“ ორი თანამშრომელი თბილისში გამოკვლევაზე გადაიყვანეს, რესტორანი კი დაკეტეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




