ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: ANSA
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა, 2116 დაინფიცირდა, ხოლო 181 განიკურნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 14 955 ადამიანია ინფიცირებული, 1266 გარდაცვლილი და 1439 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.




