პაატა კუპატაძე
ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 114 ადამიანი დაიღუპა
ჯანდაცვა

ფოტო: Twitter
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური NHK წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა კიდევ 114 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2118-ს მიაღწია. სულ ჩინეთში ინფიცირების 74 577 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16233 ადამიანი. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა ჩინეთის ფარგლებს გარეთაც. კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დადასტურდა ირანშიც.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.





