სოფიკო ბერიძე
ენერგეტიკის სამინისტრო სენაკში გაზის ტარიფის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია "გაზკო პლიუსმა" მიიღო, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის ტარიფის 68 თეთრამდე გაზრდის თაობაზე. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. "ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა."- წერია განცხადებაში.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. "მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს."- ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ სენაკში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის ტარიფი მოულოდნელად 12 თეთრით გიაზარდა, რის შესახებაც ქვითრებიდან შეიტყვეს.





