ანდრეი ჯუფალაკიანი
საქართველოს მოსახლეობა შეიძლება შემომავალი საერთაშორისო ზარების გარეშე დარჩეს
ეკონომიკა

საქართველოს მოსახლეობა შეიძლება საერთაშორისო შემომავალი ზარების გარეშე დარჩეს. ამ შინაარსის განცხადებას სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ინფორმაციით, 10 აპრილს, „ჯეოსელმა", „მობიტელმა" და „მაგთიკომმა" „საერთაშორისო ზარების“ შემომტან ტრანზიტულ ოპერატორებს, 2017 წლის 12 აპრილიდან არსებული ურთიერთჩართვის (კავშირის) შეწყვეტის შესახებ აცნობეს.
"ზემოთ აღნიშნული კომპანიები უგულებელყოფენ მარეგულირებელი კომისიის მიერ, ბაზრის რეგულირების მიზნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის დაკისრებულ სპეციფიკურ, კონკურენციის უზრუნველმყოფ ვალდებულებებს. კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კრძალავს ურთიერთჩართვის შეზღუდვას ან მარეგულირებელი კომისიის თანხმობის გარეშე გათიშვას. აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ზემოთ აღნიშნულ ოპერატორებს მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავთ და დამოუკიდებლად აპირებენ კომუნიკაციების ბაზრის ძირითადი პრინციპის „აბონენტთა შორის კავშირის არ შეწყვეტის“ დარღვევას. კომპანიების აღნიშნული ქმედება სცდება არა მხოლოდ კანონის მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მორალურ პრინციპებსაც და მიზნად „ტრანზიტული ოპერატორების“ სრულ ლიკვიდაციას და ბაზრიდან გაძევებას ისახავს“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციის ინფორმაციის თანამხად, 13 აპრილს მარეგულირებელი კომისიაში აღნიშული ოპერატორების სანქციების მიზნით სხდომაა დანიშნული.
„კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის (კომისიას სანქცირების პროცედურა 2 მარტს უნდა დაეწყო, მაშინ, როდესაც მონოპოლისტმა ოპერატორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება და 1 მარტს არ გამოაქვეყნეს ახალი შეთავაზებები) და აღნიშნული კომპანიების სანქციების მიუხედავად, შეუძლებელია მობილური ოპერატორების ქსელში ტრანზიტული ოპერატორების გავლით ზარების დასრულება, იმ განუკითხაობის გამო, რაც დღეს კომუნიკაციების სფეროში სუფევს. მოვუწოდებთ აღნიშნულ კომპანიებს, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ მომხმარებელს, საქართველოს ბაზარს და მის მოთამაშეებს და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", - ნათქვამია განცხადებაში.





