ანა ბერუკაშვილი
მაია ბითაძე განმარტავს, რა წერია გენგეგმაში ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით
ეკონომიკა

ელიავას ბაზრობა
ფოტო: არქივი
რა წერია გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით, ამის შესახებ მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ისაუბრა. მაია ბითაძის თქმით, გენერალური გეგმა 11 ძირითად მიმართულებას ადგენს, სადაც განვითარება გარკვეული პირობების დაცვით უნდა მოხდეს
"მათ შორის ერთ-ერთი არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ასევე ლისის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ზღვა და ა. შ. ელიავას ტერიტორიასთან დაკავშირებით, ისევე როგორც თბილისის ზღვასთან და ლისთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიებზე განაშენიანება უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერის არსებობის შექმნით და აუცილებლად გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო-ურბანული საკითხების გააზრებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილის განმატებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიების განვითარებისას, მაგალითად ელიავას ბაზრობის შემთხვევში, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ერთი ნაწილის რეკრეაციული მიზნით განვითარება, ხოლო მეორე ნაწილის საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციით განვითარება.
თუმცა, როგორც მოადგილე დასძენს, ეს ისე არ უნდა მოხდეს რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.
"გარემოს დაბინძურების ფაქტები ამ ტერიტორიაზე ძალიან აშკარაა, დაბინძურების კუთხით საშენი მასალებისა და დასაწყობება - გაყიდვა - რეალიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია და არ შეიძლება საცხოვრებელ ზონასთან ახლოს იყოს ისეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აალებადი მასალის არაკონტროლირებადი ვაჭრობის თვალსაზრისით", - განაცხადა მაია ბითაძემ.
მერის მოადგილის თქმით, იქნება მკაცრი მოთხოვნა, რომ ელიავას ტერიტორია განვითარდეს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასრულებულია.
19 თებერვალს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას თბილისის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის დაუბრუნა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 2018 წლის 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა.





