Imedi
ფადი ასლი უცხოელ ინვესტორებს ქართულ სასამართლოებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს
ეკონომიკა

ფადი ასლი
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი უცხოელ ინვესტორებს მოუწოდებს, უარი თქვან ქართული სასამართლოს მომსახურებაზე. ინფორმაციას სააგენტო BM.ge ავრცელებს.
"ჩემი პირველი და ერთადერთი რჩევა უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას გეგმავენ: თქვენს კონტრაქტებში გამოიყენეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო დებულება, ნებისმიერ შემთხვევაში, - შეეხება ის კერძო თუ სამთავრობო ხელშეკრულებას. კატეგორიული უარი თქვით ქართულ სასამართლოზე, ნებისმიერი სახის დავისას. თუკი საარბიტრაჟო შეთანხმებაზე უარს გეტყვიან, დაუყონებლივ გააუქმეთ გარიგება," - წერს ასლი საკუთარ სოციალურ ქსელში.
ფადი ასლის ქართული სასამართლოსადმი უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ ჩამოუყალიბდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ Philip Morris-ი და British American Tobacco, "თბილისის თამბაქოს" და "ომეგა ჯგუფის" საჩივრის განხილვის შემდეგ, 270 მლნ ლარით დააჯარიმა. ფადი ასლიმ მოსამართლეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, კორუმპირებული უწოდა. დაკისრებული ჯარიმა საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ოფისის დახურვით გააპროტესტა, ხოლო "თბილისის თამბაქოს" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 30 მარტს Philip Morris Georgia-მ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.





